თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, ხმაურის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ შეკრებილ საზოგადოებას, ხმაურის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო განხილვის ის ეტაპები, რომლებიც კანონპროექტმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიარა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის მიღების მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები ევროსტანდანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
მისივე ინფორმაცით, კანონპროექტით, დღისა და ღამის საათებში ხმაურის კონკრეტული ნორმების განსაზღვრა ხდება, მათი დარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციები წესდება.
ასევე, სიახლე ამ კანონპროექტში არის ის, რომ აღნიშნულზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი განახორციელებს.
კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხისა და მსჯელობის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოქალაქეებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხები დააზუსტეს და რეგულაციებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.
მათ ცვლილებები დადებითად შეაფასეს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს რეგულაციების დაწესების მნიშვნელობას როგორც დღის ასევე ღამის საათებში. აღინიშნა, რომ რეგულაციების დაწესება მხოლოდ დღის ან მხოლოდ ღამის საათებში მიუღებელია.
საკრებულოს იურიდიული კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით, მათთვის მისაღები , დამაკმაყოფილებელია და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის პარლამენტი კანონპროექტს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.
შეხვედრას დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ესწრებოდნენ.