იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების გაერთიანებული სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, განათლებისა და საბავშვო ბაღების დაფინანსება, შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველაპრიორიტეტული პროგრამა.
„2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2018 წლის პირვანდელი პარამეტრების გათვალისწინებით, 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. ჩვენ ველოდებით სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას, რომლის შემდეგაც გადაწყდება იმ ტრანსფერის მოცულობა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს დაემატება და შეიძლება ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 10-15 მილიონით გაიზრდება,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა განსახილველად.