თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მოსახლეობას 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, 2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 31 სხდომა, რომლის ფარგლებში განიხილეს 223 განკარგულებისა და 111 დადგენილების პროექტი.
სხდომებზე დეტალურად შეისწავლეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტები. ნორმატიული აქტების პროექტებზე ჩატარებული სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, კომისიას გააჩნდა როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები. ლევან ჟორჟოლიანის მიერ წარდგენილი შენიშვნები გაიზიარა როგორც საკრებულომ, ასევე, მერიამ. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, თავად კომისიამ შეიმუშავა სამართლებრივი აქტების პროექტები.
ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში კომისიაში შევიდა არაერთი წერილი და თითოეულ მათგანზე, კანონით დადგენილ ვადებში განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, ასევე, კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა ასობით მოქალაქეს გაუწიეს ზეპირი იურიდიული კონსულტაცია.
ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, გამართა არაერთი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კომისიის სამუშაო შეხვედრებზე ასევე, განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის თაობაზე რეკომენდაციები.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბიზნეს ომბუდსმენთან, სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსთან, ამ მიმართულებით განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან. მისი და საკრებულოს რამდენიმე წევრის ჩართულობით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს უწყებათაშორის სემინარში, რომელიც გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებითა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.
ლევან ჟორჟოლიანი თავის მოხსენებაში შეეხო გასვლითი ხასიათის შეხვედრებს და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პერიოდში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლებთან, როგორც აღნიშნა, გარკვეულწილად ტრადიციული ხასიათი მიიღო მის მიერ დანერგილმა პროექტმა - „ერთი დღე სტუდენტებთან“.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია მომავალში გეგმავს აქტიურად განაგრძოს მუშაობა წამოწყებულ პროექტებზე.