თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის ძალადობა, სრულიად მიუღებელია, თუმცა მისივე თქმით, საკრებულო გამოძიების დასრულებას და შედეგებს დაელოდება, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, საკრებულოს რეგლამენტი შეჩერების ორ საფუძველს ითვალისწინებს.
„უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია, როდესაც პირის მიმართ არის ადმინისტრაციული პატიმრობა, ან აღკვეთის ღონისძიების სახით პირი იმყოფება პატიმრობაში. პროკურატურამ კონკრეტული პირი უნდა ცნოს ბრალდებულად, ხოლო ამის შემდეგ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. თუ სასამართლო ამ განჩინებას გამოიტანს, იურიდიულ საკითხთა კომისია სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს და საკრებულოს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, საკრებულო გამოძიების დასრულებას დაელოდება.