თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ხელმძღვანელს მოუსმინეს.
როგორც გიგა სოფრომაძემ აღნიშნა, შშმ პირებს სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ესაჭიროებათ, რაც ადაპტირებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში იქნება მიღწევადი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ტრანსპორტში სმენადაქვეითებულ პირთათვის ხმოვანი ტაბლოების დამონტაჟება, ავტობუსებში ეტლით მოსარგებლეებისთვის 2 ადგილის გამოყოფა, ხმოვანი გაჩერებებისა და ელექტროპანდუსების მოწყობა.
შეხვედრას დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძე და შ.პ.ს. სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიხიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს და საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მათი საჭიროებების მიხედვით ადაპტაციის თაობაზე კომისია მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.