თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხის თაობაზე დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
გაიოზ თალაკვაძემ სხდომაზე ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებები, ძირითადად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 10 000,0 ათასი ლარის თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ასახვის მიზნით ხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და ის 906 863,6 ათას ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, შემოსავლების ზრდისა და მოძიებული რესურსების გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა. მათ შორის: გზების მშენებლობის აღდგენა, გზების მოვლა-პატრონობა საბურთალოს რაიონში, ავტობუსებით, მეტროთი და საბაგირო გზით საქალაქო რეგულირებული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
წარმოდგენილ საკითხს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.