თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღეს მერიის რამდენიმე ახალი საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, დეპუტატებმა იმ საქალაქო სამსახურების დებულებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელთა შემადგენლობიდანაც, მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ცალკეული სამსახურების გამოყოფა მოხდება.
აღნიშნული საკითხები დეპუტატებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა, რომელმაც განმარტა, რომ ცვლილებები თბილისის მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცებასაც დაუჭირეს მხარი.