თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 18 მილიონი ლარის ოდენობით სესხის აღების თაობაზე თბილისის საკრებულოს თანხმობის საკითხზე იმსჯელეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
„მერიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით მოგვმართა. თანხა, თბილისის მასშტაბით გზების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის არის საჭირო.
იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა ქალაქში, მით უფრო, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ წინადადებას მხარი დავუჭირეთ“, - განაცხადა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ.
დღესვე, კომისიის წევრებმა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, განიხილეს სახელდების წესის დამტკიცების დადგენილების პროექტი, რომელიც ქუჩებისთვის სახელების მინიჭება-გადარქმევას და ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ეხება.
„წესთან დაკავშირებით, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას რიგი შენიშვნები ჰქონდა, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც პროექტი სამართლებრივად გაიმართა და მან უახლოეს სხდომაზე განსახილველად იურიდიული კომისიის დადებითი რეკომენდაცია მიიღო“, - განაცხადა თედო კობახიძემ.