თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი წარმოუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ლერი ქვარაიას მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარი დაუჭირეს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით, მიწისა და მასზევე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით, ასევე თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარე მიწის ნაკვეთების იჯარითა და უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოადგინა.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებაც.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.