თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა და დოკუმენტის სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
გაიოზ თალაკვაძემ იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტშია ასახული, რის შემდეგაც სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს და საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს მოიცავდა.
დღესვე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე საკრებულოს დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს დებულებას ეხებოდა.
ასევე ცვლილება შევიდა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ მიღებულ დადგენილებაში.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც დედაქალაქის სამ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხის შეთანხმებას ეხებოდა.