თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის წევრებს საკითხები ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსებმა და შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა წარუდგინეს.
„დღეს კომისიის წლის ბოლო შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. იმისთვის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი კონკრეტული მიმართულებებით დაიხარჯოს, გადამტკიცდა და მცირედი ცვლილებები შევიდა სოციალური და ჯანდაცვის ქვეპროგრამებსა და წესებში. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიმართულებით 328 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია. დღესვე განვიხილეთ და კენჭი ვუყარეთ ქონებრივ საკითხებს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ათივე საკითხს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.