30 იანვარი 2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ეძღვებოდა. კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, დამტკიცებულ ბიუჯეტი 296 420 100 ლარით იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს. გაიოზ თალაკვაძემ კომისიის სხდომაზე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებზეც გაზრდილი თანხები გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
აღნიშნული საკითხის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა რამდენიმე დადგენილების პროექტი წარადგინა, მათ შორის ქონების მართვის სააგენტოსა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან გათავისუფლების შესახებ. გიორგი კობიაშვილმა რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია\ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.