19 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო მასალების განთავსება დასაშვები და აკრძალულია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N50-99 დადგენილებაში ცვლილება გააცნო, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამაში ცვლილებას ითვალისწინებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N25-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე" განკარგულების პროექტი წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის მერიასა და რამდენიმე კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებებიც გააცნო კომისიის წევრებს.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ სსიპ ქალაქ თბილისის №49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების და სსიპ ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელის მინიჭების საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების და დამატებითი/დაზუსტებითი ხელშემწყობი ღონისძიებების საკითხები განიხილეს. საკითხები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.