25 ივლისი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი 77 მილიონ 111 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 348 მილიონ 609 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (გამგებელი) თანამდებობაზე ლევან ყიფიანის დანიშვნას და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე სერგო ბირკაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილება წარადგინა.
მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება" ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესი გააცნო კომისიის წევრებს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებას დაუჭირეს მხარი, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის" სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დედაქალაქში, სხვადასხვა მისამართებზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა. გარდა ამისა, ნინო ბაგაშვილმა კომისიის წევრებს რამდენიმე დადგენილებაში ცვლილება გააცნო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
დღესვე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ცირა შალოშვილმა პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა" განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს.