20 მაისი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებულმა შემოსავლებმა და მოსალოდნელმა პროგნოზებმა განაპირობა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 13 799,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 209 347,5 ათას ლარს.
ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის შემდეგ, კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილება და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ" განკარგულებაში ცვლილება წარადგინა.
ნინო ბაგაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო ასევე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების და თბილისში, გლდანის III მკ.რ-ის მიმდებარედ არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხის შეთანხმების თაობაზე" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ნამგალაურმა წარადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - რევაზ სოხაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი, თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხები გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.