თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 20 552,2 ათასი ლარით იზრდება და 1 823 624,5 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე
თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის, ყოფილი საბინაო- სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის - შპს „არტე დეველოპმენტისთვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და აუქციონის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების გაუქმების საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა,,კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო კომისიის წევრებს.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილებები წარადგინა.