თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გააცნო, რომელიც ძირითადად შიდა გადანაცვლებებს მოიცავს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩივაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილება წარადგინა, რომლის მიხედვითაც პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 100%-ით დააფინანსებს. აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უერთდება.
კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კომისიის სხდომაზე „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილება წარუდგინა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა გოგი ჩიქოვანმა კი ბაღებში რეგისტრაციის წესში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს, რომლის მიხედვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება და საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დადგენილებაში ცვლილება, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარმოადგინა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესში ცვლილებსა გააცნო კომისიის წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ ს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ცვლილებებით შესაძლებელი ხდება შეღავათიანი და უფასო ბარათების მიბმა მობილურ აპლიკაციაზე და შეღავათიანი (უფასო) ტარიფით მგზავრობა, ისე რომ აღარ იქნება საჭირო ბარათის მატერიალური სახით დაფიქსირება. ასევე, შეღავათიანი ან უფასო სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მხრიდან გამოყენების შემთხვევაში, აქამდე თუ ხდებოდა სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა, ახალი რედაქციით დაიბლოკება მხოლოდ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ფუნქცია.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დადგენილების პროექტი წარადგინა. მანვე, კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილები გააცნო.