თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილეს.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის შპს ,,ცენტრ პოინტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა. როგორც აღინიშნა, მშენებლობის დაწყებამდე პროკურატურამ ამ პროექტის ფარგლებში 4 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი დამატებითი ფართი გამოყო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დამატებით 58 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება. ეს არის „ცენტრ-პოინტის“ პროექტის ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელსაც თბილისის საკრებულო განიხილავს.
აღნიშნული საკითხის გარდა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა კომისიის წევრებს რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები წარუდგინა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებებს ეხება.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძემ სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილებები წარადგინა. ასევე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა რამდენიმე საკითხი წარადგინა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ეხებოდა. მანვე, კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.