თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტი გააცნო, რომელიც ვაკის რაიონში სპორტული მოედნის რეაბილიტაციას და ორი სპორტული კომპლექსის ტრენაჟორებით მოწყობას ითვალისწინებს. საგრანტო თანხა 130 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჯარო ხელოვნების ფონდის“ მიერ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების პროექტს. პროექტი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა წარადგინა.
აღნიშნულის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. მანვე საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების შეძენაზე დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიების პერსონალურ შემადგენლობათა ცვლილების საკითხი წარადგინა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.