თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა მერიის ადმინისტრაციის უფროსს ვალერი ჭიღლაძეს მოუსმინეს, რომელმაც ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2023 წლის ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა 142 794,2 ათასი ლარით იზრდება და 1 774 926,8 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის" ინიციატივის ფარგლებში ახალი შეთანხმების ხელმოწერაზე თბილისის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. ლევან ჟორჟოლიანმა ასევე, რამდენიმე მისამართზე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დეტალები გააცნო კომისიის წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „საჯარო ხელოვნების ფონდის“, დაფუძნების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა. აღნიშნული ფონდის საქმიანობის მიზანი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების ხელმისაწვდომობაა.
მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა „თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი გააცნო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გაუქმების საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გენდერული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის მზადება, საბჭოს სამუშაო და ოფიციალური შეხვედრები, ასევე, მიმდინარე და განხორციელებული კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა.