თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ოთარ ჩიტიძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და შპს „ალმას“შორის 2021 წლის 19 აგვისტოს დადებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებებში ცვლილები გააცნო.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებები, თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილება, ასევე რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.