თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 1,438,775 ათას ლარს შეადგენს. ლევან მიქავამ კომისიის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნული საკითხის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის 84-64 დადგენილებაში ცვლილები განიხილეს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიკვიდაციის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროექტს მაღალი შეფასება და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხი გააცნო.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.