თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები შესრულდა 103,1 %-ით - 930 მლნ 239,6 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები შესრულდა 96,3%-ით -1მლნ 080 555,4 ათასი ლარით. ლევან მიქავამ დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე.
კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად კარგი მაჩვენებლებით შესრულდა. მან ხაზი გაუსვა იმ პროგრამებს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული მარშრუტების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა, რომლებიც ინტეგრირებული სისტემის სამართლებრივ ჩამოყალიბებას ეხება. ასევე, რამდენიმე ცვლილება შეეხება მარშრუტების საფასურის განსაზღვრას და უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასვლას.
თბილისში, სხვადასხვა მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო. მისი ინფორმაციით, საკითხები შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას ეხება, რომელსაც შპს ,,ანაგი დეველოპმენტი 1“ და შპს ,,სოლუმ დეველოპმენტი“ განახორციელებენ.
აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.