თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან მიქავას განცხადებით, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 7 მილიონი ლარით იზრდება. ეს ცვლილება მეწყერსაშიშ ზონებში მიმდინარე სამუშაოების დაფინანსებისთვის დაიხარჯება. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მეწყერსაშიში ზონებში შექმნილი მდგომარეობის კვლევა და გამაგრებითი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ცვლილებას მიესალმება.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც გარე რეკლამის და ჯიხურების საკითხებს მოიცავს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა კომისიის წევრებს ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის წესში ცვლილებები წარადგინა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ საკრებულოს №28-99 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი დაამტკიცეს. საკითხები სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე წარადგინა.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე უბანში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს მხარი დაუჭირეს.