თბილისის საკრებულის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა 2020 წელი შეაჯამა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო რთული წელი იყო, მუნიციპალიტეტმა ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. ლევან ჟორჟოლიანმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორებში“ ცვლილებების და ფრაქცია „თბილისის“ წევრების საშტატო ნუსხაში ასახვის საკითხები წარადგინა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს თბილისში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის და დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენების საკითხები გააცნო.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ მარჯვენასაჭიანი ტაქსებითვის მუშაობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ცირა შალოშვილმა ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხი წარადგინა. მისი განცხადებით, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისმა ,,წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი“ მოიპოვა. თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 22 აპრილამდე იქნება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.