თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ამ ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ტრანსფერიდან გამომდინარე, 20 მილიონი ლარით იზრდება. გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, ეს თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გადანაწილდა.
კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ წევრად ლევან ჯაფარიძის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს. საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებმა გააცნო ასევე „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესში ცვლილების პროექტი. ეს წესი, რომელიც თბილისის საკრებულომ მიიღო, 2021 წელის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, სრულად ამოქმედების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები მიიღეს, რომელიც ტროტუარების და გზების პარამეტრების განსაზღვრას ითვალისწინებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.