თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფმმა“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც „თბილსერვისის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრას ეხება. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა M2 და M3 ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებასთან დაკავშირებით, საკრებულოს №17-47 და №17-48 დადგემილებებში ცვლილებები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს. ამ ცვლილების თანახმად, თბილისის საკრებულო, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს მგზავრობის ფასს, ხოლო განსაზღვრული მგზავრობის ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.
მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით- „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მეტროთი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი წარადგინა.
დადგენილების პროექტის მიხედვით, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით მოსარგებლე მგზავრები შეძლებენ მგზავრობისას ისარგებლონ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით დამტკიცებული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით და ფასდაკლების სისტემით.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის პრივატიზების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.