თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების საკითხი გააცნო. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს საკითხი დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება, რომლებიც მშენებლობის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.
ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა ასევე სამი დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ შეთანხმებები. როგორც მან განაცხადა, სამივე საკითხი „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობებია ბოხუას ქუჩაზე, დიდ დიღომში, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ, პეტრე იბერის ქუჩაზე და ხოშარაულის და მიმდებარე ქუჩებზე. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამივე მშენებლობაზე 700-ზე მეტი დაზარალებულია.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი წარადგინეს, რომლებიც სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს ეხება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და სამ საკითხების საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.