თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიასთან(აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საკითხი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლის დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლითაც 3 დანართია განსაზღვრული. ეს დანართები იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც დაშვებულია ან აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ცვლილებები საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მომზადდა.
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირების წესების და საფასურის დადგენილებაში ცვლილებები სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
მანვე მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის დროს შეღავათების შესახებ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები გააცნო დეპუტატებს.
კომისიის წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.