თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრების ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარადგინა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, საკრებულოს წევრების პირადი განცხადების საფუძველზე წარმომადგენლობითი ორგანი ამ საკითხს ცნობის სახით იღებს.
კომისიის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებები წარადგინა. ეს ცვლილებები აუტიზმის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ახალი - ტელეინტერვენციის მეთოდი დაემატება. ცვლილებები ეხება ასევე სხვა ქვეპროგრამებსაც, მათ შორის გაფანტული სკლეროზით მკურნალობის პროგრამის განხორციელების წესს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა „თბილისის მეტროს პროექტთან“ დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. ხელშეკრულებით, მეტროს რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპისთვის 75 მილიონი ევრო გამოიყოფა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისთვის ქონების პრივატიზების, მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე ,,მთაწმინდის პარკის გრძელვადიანი იჯარის შესახებ’’ ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.