თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკითხები წარადგინა. კომისიის წევრებმა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების და აუტისტური სპექტრის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსების გაზრდის საკითხების დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრებს არასამეწარმეო იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დაფუძნების საკითხი გააცნო. ეს ორგანო „ბავშვთა უფლებების კოდექსით“ მუნიციპალიტეტისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის იქმნება.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ პროექტი წარადგინა. როგორც გიგაშვილმა განმარტა, ეს წესი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2019 წელს შეტანილი ცვლილებების გაგრძელებაა. წესის დადგენის შემდეგ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში ჩამოთვლილი მასალის რეალიზება აიკრძალება. მსგავსი მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ წარადგინა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და ელექტროტრანსპორტით გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიის შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დადგენილებაში, ასევე M2 კატეგორიის ავტობუსებით სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ტარიფის ანაზღაურების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.
დღესვე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარუდგინა.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.