თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილეს.
მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ კომისიის წევრებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარუდგინა. კომისიის წევრებმა გიორგი აბუთიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით იზრდება. საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ის მიმართულებები ჩამოთვალა, რომლებზეც ეს თანხები გადანაწილდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა კომისიის წევრებს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“შორის ავტობუსების პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს ხელშეკრულება დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანას ითვალისწინებს.
კომისიის სხდომაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის სსიპ-ებად - ტრანსპორტის განვითარების სააგენტოდ და ურბანული განვითარების სამსახურად ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, თანმდევი საკითხები განიხილეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ და ურბანული განვითარების სამსახურმა წარადგინეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებს თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარუდგინა. ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად ავტოდრომის მოსაწყობად საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა.
განათლების და კულტურის კომისიამ თბილისის N62 საჯარო სკოლისათვის ჟიული შარტავას სახელის და N94 საჯარო სკოლისათვის ჯამბულ წურწუმიას სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს, საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.