თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ შემადგენლობიდან ერეკლე კუხიანიძის გარიცხვის თაობაზე საკითხი ცნობის სახით მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მიუღებელი და დამაზიანებელია როგორც გუნდისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. მისივე განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე ერეკლე კუხიანიძის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ. კომისიამ ცნობის სახით მიიღო ასევე საკრებულოს წევრის - ირაკლი ნადირაძის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადით უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიქტორ წილოსანი წარადგინა. კომისიის წევრებმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. ამ ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტი 5 616,0 ათასი ლარით იზრდება და 1 106 066,8 ათასი ლარით განისაზღვრა.
გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები წარადგინა, რომელიც თანამონაწილეობის პროცენტის 10-იდან 5-მდე შემცირებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, თანამონაწილეობის გადასახადისგან სოციალურად დაუცველებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახები თავისუფლდებიან.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.