თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. მან დეპუტატებს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს. 2020 წლის დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 1 მილიარდ 20 მილიონი ლარია.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომისიას „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტისათვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის წევრებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.