თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილეს.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარუდგინა. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იზრდება, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური უფროსმა გიორგი ებანოიძემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები წარადგინა.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ კომისიის წევრებს მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებების პროექტი და მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხაში ცვლილებები გააცნო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა კომისიაზე ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილებები წარადგინა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კი საკრებულოს წევრებს ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის და ვადების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვეტენაძემ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის საკითხები წარუდგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.