თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი ებანოიძეს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძეს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსს ნინო კვეტენაძეს მოუსმინეს.
"ცვლილებები შეგვაქვს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტუალურ ნაწილში. როგორც იცით, გვქონდა სარევიზიო განაშენიანების რეგულირების გეგმები, აქედან ორს რევიზია ჩაუტარდა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შენიშვნების გათვალისწინებით მათი სარეზერვო ნუსხიდან ამოღება. ასევე დღეს ჩვენ განვიხილეთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ქონების 1ლარად გადაცემის საკითხი. გვაქვს სატრანსპორტო საკითხებში ტექნიკური ცვლილებები და ასევე რამდენიმე ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხი"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.