თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო, რომლებიც სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ დეტალურად წარადგინა.
კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონებების, ბინების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულებების პროექტები განიხილეს.
„იმ ადამიანებს, რომლებიც 6 წელზე მეტია შეჭრილი არიან მუნიციპალურ ქონებაში მათ ვუკანონებთ ფართებს. ასევე გვაქვს ვალდებულება 1 ლარად დავუკანონოთ ქონება მიწისძვრით დაზარალებულ პირებს, რომლებიც შესაძლოა 6 წელზე ნაკლები დროით ფლობენ მუნიციპალურ საკუთრებას. განვიხილეთ იჯარის საკითხები, როგორც იცით, ჩვენ პრობლემა გვქონდა ღია კაფეების მოწყობასთან დაკავშირებით, მათი მფლობელები თითქმის არ იხდიდნენ იჯარას. ჩვენ ეს საკითხი 1 წელია დავარეგულირეთ. საკრებულოში დავიწყეთ შესაბამისი აქტების მიღება, დგინდება წლიური იჯარის თანხა, რითაც ივსება დედაქალაქის ბიუჯეტი“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.