თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად თბილისის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე ათი მილიონი ლარით იზრდება. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინა. მისი განმარტებით, ამავე ცვლილებებით, შიდა ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხების სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილება მოხდება.
დღესვე, კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისში ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებას. როგორც მომხსენებელმა, თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა, სერგო ბირკაძემ განმარტა, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმად, თბილისში ტაქსის სერვისის გამწევ ყველა ფიზიკურ პირს შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ლიცენზიის აღება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში ელექტრონულად იქნება შესაძლებელი და ერთწლიანი ლიცენზიის აღების საფასური შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარით, ჰიბრიდული მანქანებისთვის - 50 ლარით განისაზღვრა, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ლიკვიდაციის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის საკითხს.
კომისიის სხდომაზე ასევე რამდენიმე უძრავ ქონებაზე თბილისის მერიასა და კერძო კომპანიებს შორის საპრივატიზებო ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.