თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 26 614,6 ათასი ლარით იზრდება და 1 803 072,3 ათას ლარს შეადგენს. იზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პროგრამის ასიგნება.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც ევროპის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის შორის საგრანტო შეთანხმების გაფორმების მიზნით, განკარგულების პროექტი წარადგინა.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვასილ აბულაძემ „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილები წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო, მათ შორის რაგბის კავშირისთვის დიდ დიღომში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა.
იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს რამდენიმე ობიექტებისათვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხები გააცნო.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.