თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი გააცნო.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 493,203.1 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 1 526,019.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის 102.2%. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების გეგმა 1 388,103.1 ათასი ლარი, ფაქტობრივად 1 412,235.6 ათასი ლარით შესრულდა, რამაც გეგმის 101.7% და მთლიანი - შემოსულობების 92.5% შეადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს №14-39 დადგენილებაში ცვლილება, ასევე მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესში ცვლილებები განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო. კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტს და თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე სსიპ თბილისის №30 საჯარო სკოლისთვის გურამ რჩეულიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ წარადგინა.