თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, მომავალი წლის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 438 775,2 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 193 357,4 ათასი ლარით. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
აღნიშნული საკითხის გარდა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხი წარადგინა. სააგენტოს წარმომადგენელმა კომისიის წევრებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის პრივატიზების და კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხებიც გააცნო.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილების შესახებ ისაუბრა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს, შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.