თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის გააცნო. როგორც ირაკლი გვილავამ განაცხადა, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი როგორც სპორტული, ასევე სახელოვნებო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების საკითხი წარადგინა. საკითხების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომელიც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა წარადგინა.
დღესვე კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილებები და „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” №17-46 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს. საკითხები კომისიის წევრებს ა(ა)იპ“თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა გააცნო.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე კომპანიის მიმართ სამშენებლო ობიექტთან მიმართებაში დამატებითი/დაზუსტებული მხარდამჭერი ღონისძიების გამოყენების, ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე რამდენიმე ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, საკრებულოს ნებართვის მისაღებად, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” გასაფორმებელი ხელშეკრულება წარუდგინა. პროექტი თბილისში გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS), მდგრადი სატრანსპორტო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ითვალისწინებს.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს N5-14 დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.