თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები წარადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო კომისიის წევრებს. ბიუჯეტში ცვლილებები ფაქტიურად მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ასახვით ხორციელდება. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 1 017,5 ათასი ლარით იზრდება და ის 1 395 751,0 ათას ლარს შეადგენს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს. დავით ჯაიანმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა. პროექტის თანახმად, სააგენტოს სამი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახური ემატება.
დავით ჯაიანის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კოდექსს დაემატა მუხლი სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოების თაობაზე. აღნიშნულმა, განაპირობა სათანადო ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში. ცვლილება შედის ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაშიც.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ კომისიის წევრებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”, ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები გააცნო.
შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა კი დედაქალაქში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებზე ისაუბრა.