თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილი წარადგინა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა და კომისიის წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა 2 500,0 ათასი ლარით იზრდება და 1 394 733,5 ათას ლარს შეადგენს. გაიოზ თალაკვაძემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც გაზრდილი თანხები გადანაწილდება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების პროექტი წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ახალი დადგენილების შემუშავება ითვალისწინებს, როგორც ტექნიკური ხარვეზების, ასევე შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხი რომელიც წესში ცალკე თავად გამოიყო, მწვანე ნარგავების გადარგვის ზოგადი მუხლების ჩამოყალიბებაა. აღნიშნული მუხლებით დარეგულირდება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ნარგავების გადარგვის საკითხს. წესში წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, რეგულაციები გამკაცრდება მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური/უკანონო ჭრის, მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მოვლა-აღდგენის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით.
კომისიის სხდომაზე გიგა გიგაშვილმა დედაქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა. ცვლილების მიხედვით, თბილისის წყალსაცავზე გამოიყო სამი სარტყელი, ხოლო მესამე სარტყელი ორ არეალად დაიყო. თბილისის წყალსაცავის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით თითოეული სარტყლისთვის მართვის სპეციალური რეჟიმი დადგინდა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა ვასილ აბულაძემ და დავით ჯაიანმა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების შესახებ №17-47 და №17-48 დადგენილებებში ცვლილებები, ასევე მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ №6–25 დადგენილებაში ცვლილებები გააცნეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი გააცნო კომისიის წევრებს. მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წესისა და პირობების დამტკიცებას ითვალისწინებს.
მანვე, ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრის ალექსანდრე რატიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.