თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილება წარადგინა, რომელიც მერიის სარეზერვო ფონდის ორი მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. მანვე, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გააცნო კომისიის წევრებს. გაიოზ თალაკვაძემ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძეს მოუსმინეს, რომელმაც მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა. ამ ცვლილებით ,,შპს ,,ეკოსერვის ჯგუფში“ მომუშავე მძღოლებს, მებაღეებს, დამლაგებლებს, მთიბავებს, დამხმარე მუშებს, ელექტრიკოსებს, ძრავის შემკეთებლებს, შადრევნის მრეცხავებს, სპეციალისტებს, მჭრელებს, მხერხავებს, მუშებს უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2- M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, 16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება. ამოქმედდება ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი.
აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ალმას“ შორის 2019 წლის 6 თებერვლის „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები წარადგინეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.