თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხები განიხილეს. სხდომას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხი გააცნო. მანვე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, კომისიის წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დადგენილების პროექტები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა. მანვე, თბილისის საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილებების, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, საკრებულოს ფრაქციებისთვის 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების შესახებ პროექტი და საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები გააცნო.
დღესვე, კომისიის წევრებმა იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.
კომისიის წევრებმა საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.