თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც ცნობილია საკრებულოს უმრავლესობის წევრები ბექა დავითულიანი, რიმა ბერაძე, ირაკლი ზარქუა, თამარ ტალიაშვილი და ნინო ლაცაბიძე საქართველის მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები გახდნენ. შესაბამისად, მათ უწყდებათ თბილისის საკრებულოში უფლებამოსილება. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის ინიციატივით გადაიდო. საქმე ის არის, რომ ლევან ხაბეიშვილი ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ და პარლამენტმა მისი უფელბამოსილება სცნო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა დაარეგისტრირა განცხადება, რომლითაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისად, თბილისის საკრებულომ ამ საკითხის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევის საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა „ცენტრ პოინტის“ 2 დაუმთავრებელი მშენებლობის საკითხი წარადგინა. ეს მშენებლობები გურამიშვილის გამზირზე და იასამნის ქუჩაზეა. პირველ შემთხვევაში 178 ოჯახია დაზარალებული, მეორე მისამართზე კი 112 დაზარალებულია. კომისიამ ამ მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხს მხარი დაუჭირა.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კომისიაზე სოციალური დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილების საკითხი წარადგინა, რომელიც სპორტული სკოლების და საცურაო აუზების წარმომადგენელთა შრომითი ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებს.