თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის(თბილისის წყალსაცავის) სანიტარული დაცვის ზონის დადგენის და მართვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი წარადგინეს. წარდგენილი პროექტი 2 დანართს მოიცავს - სასმელი წყლის რეზერვუარის(თბილისის წყალსაცავის) მართვის წესის დადგენა და ზონების და სარტყელების განსაზღვრა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები წარადგინეს, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ამავე სააგენტოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის შესახებ საკითხი გააცნეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვის შესახებ პროექტი წარადგინა. როგორც „თბილსერვისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დადგენილებით, სამსახურის მუშაობა უფრო გამარტივდება და მომსახურების ხარისხი გაიზრდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო, რომლებიც "ოლიმპიური ვარსკვლავის" და "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობებს შეეხება. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილია საკმაოდ მოცულობითი პროექტები, რომლებიც დაზარალებულთა ბინებით დაკმაყოფილებას გულისხმობს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.