თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურის დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
კომისიის წევრებმა მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის დადგენილებაში ცვლილებებიც შეიტანეს.
გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა ასევე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
ცვლილებები შევიდა საკრებულოს 2016 წლის დადგენილებაშიც, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენას ეხება. ამასთანავე, კომისიის წევრებმა თბილისში მუნიციპალიტეტის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებს დაუჭირეს მხარი.