თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში, №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომელიც იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანმდევ რეგულაციების ეხება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ N255 დადგენილება გააცნო, რომელიც გარე ვაჭრობის ობიექტების განთავსების წესებს განსაზღვრავს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების, უძრავი ქონების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სხდომაზე წარადგინა ასევე თბილისის მთავრობასა და შპს „თბილისის პარკს“ შორის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები.
იურიდიული საკითხთა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.